დიმიტრი ყიფიანი - "გულთასრული კაცი"
03-05-2012
დიმიტრი ყიფიანი... უაღრესად პატიოსანი და ერთგული ბუნების, არაჩვეულებრივად შრომისმოყვარე და უპრეტენზიო, სრულიად მიუდგომელი, ბავშვივით გულუბრყვილო, მაგრამ, ფიცხი, მოუთმენელი, უკანმოუხედავად თავგანწირული მაშინ, როდესაც მის მრწამსს შეეხებოდნენ.სამსახურს ჩამოცილებული, 72 წლის ყიფიანი მეტწილად საკუთარ მამულში, ქვიშხეთში ატარებდა დროს. მიმსვლელი და მნახველი არ აკლდა.

გაემგზავრა სტავროპოლში, იქ, სასტუმროში დაბინავებულს, მკვლელები მიუგზავნეს, რომლებმაც მძინარე მოხუცს, ისევ აკაკის თუ დავესესხებით, "ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს... იმ გულზე, რომელიც სამშობლოსთვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს".

დიმიტრი ყიფიანის ცხედარს ქართველები საბურთალოს მიდამოებში (მაშინ ქალაქგარეთ) დახვდნენ. მძიმე აღმოჩნდა თავგაჩეხილი მოხუცის ხილვა. თურმე, ხალხი დამუნჯებულა და ვერავინ ხმას ვეღარ იღებდა, ვერ მიმხვდარიყვნენ, რა ეთქვათ ან რა მოემოქმედათ. იდგნენ მტვრიან შარაზე დაზაფრულები. ამ სიჩუმეში კუბოსთან ქუთაისში მოღვაწეობის დროს მისი მოადგილე დავით ნიჟარაძე მისულა და ამოუთქვამს: ვაი ჩემს თავს, რომ ცოცხალი ვარ და შენ კი მაგ კუბოში გხედავო. ამან ხალხი გონს მოიყვანა და მცირე პარაკლისის შემდეგ პროცესია ქალაქისკენ დაიძრა. განზრახული ჰქონდათ გოლოვინის (ახლანდელი რუსთაველის) ქუჩის გავლით ასულიყვნენ მთაწმინდაზე. მსვლელობა, რომელსაც წინ სამღვდელო პირები და ცხენზე ამხედრებული რამდენიმე ხმალამოღებული ქართველი მიუძღოდა, ახლანდელი ჭავჭავაძის ქუჩის ასახვევთან შეაჩერეს ჟანდარმებმა, - ხელისუფლებას დიმიტრი ყიფიანის ისევე უჩუმრად დასაფლავება სურდა, როგორც მოკლა. ქართველებმა ამჯერად, იძალეს, ჟანდარმების კორდონი გაარღვიეს და პროცესიამ მთაწმინდისკენ გზა განაგრძო.
Комментариев нет:
Отправить комментарий