მოგონებები

დიმიტრი ყიფიანს კარგად ესმოდა განათლების მნიშვნელობა ერის წინსვლის საქმეში: “სწავლა აპატიოსნებს კაცსა, აფაქიზებს, აღონიერებს, ზეაღავლენს და ღირსჰყოფს დაუსაბამობასთან მიახლოებისა… განათლება ყველას გვათანასწორებს”(დიმიტრი ყიფიანი).



1885 წელს ყიფიანი დასავლეთ საქართველოს თავადაზნაურთა წინამძღოლად (მარშლად) აირჩიეს. ის საქართველოში ჩამოსულ ყოფილ მეფისნაცვალ მიხეილ რომანოვს დონდუკოვ-კორსაკოვისთვის ნიშნის მოსაგებად თბილად დახვდა და უამბო ყველაფერი იმ უმსგავსობაზე, რასაც ახალი მთავარმართებელი და მისი თანაშემწეები ჩადიოდნენ. რომანოვი ისე გამგზავრებულა რუსეთში, რომ კორსაკოვს არც კი შეხვედრია. დიმიტრიმ კი მასთან საუბრების შინაარსი წერილობით გაავრცელა.
კორსაკოვმა ყიფიანი წერილობით დააბეზღა რუსთა იმპერატორთან, რომელმაც დიმიტრი სპეციალური წერილით გაკიცხა.
რუსი ბიუროკრატები თანდათან აძლიერებდნენ ქართულ ეროვნულ დაწესებულებათა დევნასა და შევიწროებას. ამ მხრივ თავი გამოიჩინა სასულიერო სემინარიის რექტორმა, დეკანოზმა პავლე ჩუდეცკიმ, რომელიც გამოირჩეოდა თავისი სისასტიკით, გარყვნილებითა და ქართველთა მიმართ განსაკუთრებული ზიზღით. მან გაუთავებელი დაკითხვებისა და შემოწმებების შემდეგ სემინარიიდან გარიცხა სტუდენტი სოსო ლაღიაშვილი. 1886 წლის 24 მაისს ლაღიაშვილი კაბინეტში შეუვარდა ჩუდეცკის და ხანჯლით მოკლა.
სტუდენტი შეიპყრეს და ციმბირის კატორღაში გაგზავნეს, საიდანაც ჯერ იაპონიაში, მერე კი ამერიკაში გაიქცა.
ჩუდეცკის დასაფლავებაზე ეგზარქოსმა პავლე ლებედევმა დაწყევლა არა მარტო ლაღიაშვილი, არამედ მთელი ქართველი ერი. ამ ფაქტმა უზარმაზარი რისხვა და პროტესტი გამოიწვია ქართველობაში. პირველმა ხმა დიმიტრი ყიფიანმა აიმაღლა. 1886 წლის 8 ივნისს ხაშურიდან მკაცრი წერილი გაუგზავნა ეგზარქოსს: “…თუკი ეს ყველაფერი მართალია, თქვენი ღირსების გადარჩენა შეიძლება მხოლოდ იმით, რომ შერცხვენილი დაუყოვნებლივ განიდევნოს შეჩვენებული ქვეყნიდან…” კორსაკოვი კინაღამ ჭკუიდან გადავიდა. მან დაუყოვნებლივ გაგზავნა წერილი რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან და ყიფიანის საქართველოდან გასახლება მოითხოვა, როგორც რუსეთისათვის უაღრესად საშიში პიროვნებისა. პეტერბურგში კვლავ მხარი დაუჭირეს მთავარმართებლის მოთხოვნას და დიმიტრი ყიფიანს იმპერატორმა ალექსანდრე III-მ სტავროპოლში გადასახლება მიუსაჯა.
1886 წლის ზაფხულში ყიფიანი გადაასახლეს სტავროპოლში, სადაც რამდენიმე წლით ადრე ანალოგიურ სასჯელს იხდიდა ნიკო ნიკოლაძე. გადასახლებაში ყოფნა დიმიტრის დიდხანს არ მოუწია. 1887 წლის 24 ოქტომბერს იგი ვერაგულად მოკლეს. ღამით მის ოჯახში ჯალათი შეიპარა. თავში ურო ჩაარტყა და მოჰკლა. ,,ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს… იმ გულზე, რომელიც სამშობლოსათვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს”, – წერდა აკაკი წერეთელი.
     
          დიმიტრი ყიფიანი "მტრის ურჩი რაინდი"
"კაცისა ყოველივე სამშობლოს უნდა შეეწიროს",ამ ურყევი პრინციპით იცხოვრა დიდმა ქართველმა მამულიშვილმა,სამშობლოსათვის თავდადებულმა და ღირსეულმა რაინდმა - დიმიტრი ყიფიანმა (1814-1887 წლები).მისმა ტრაგიკულმა ცხოვრებამ არა ერთ განსაცდელსა და დევნა,გადასახლებას გაუძლო,თუმცა ერთხელაც არ დაუკვნესია ამ განსაცდელების გამო.პირიქით ის უფრო აქტიურად მუშაობდა ყოველივე ქართულის საკეთილდღეოდ,იგი წერდა: "თუკი ჩემი სამსახური სასარგებლო იქნება,პირველ რიგში იგი სასარგებლო უნდა იყოს ჩემი სამშობლოსათვის".მან სამშობლოსათვის გაიღო უამრავი მსხვერპლი - სამსახურეობრივი კარიერა,მატერიალური კეთილდღეობა,ოჯახური სიმშვიდე,ფიზიკური თუ ინტელექტუალური ენერგია და ბოლოს სიცოცხლეც.დიმიტრი გრიგოლ ორბელიანს პეტერბურგიდან წერდა: "ღვთის გულისათვის,რას დამახარბებენ აქ ისეთსა... საქართველოს მოშორება ღმერთმა მაშოროს.ისევ გუთანს მოუდგები,ნაბადს მოვისხამ და ჩემს ქვეყანას აგრე ადვილად ვერ მოვჰსცილდები".რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე III-ის ბრძანებით ჩვენს დიდ მამულიშვილს აჰყარეს მოქალაქეობრივი უფლებები და სტავროპოლში გადაასახლეს,სადაც ალბათ დიდი ქართველი გრძნობდა ტრაგიკულ აღსასრულს და სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოხუცი და ავადმყოფი,სამშობლოსათვის დამაშვრალი მამულიშვილი ოჯახის წევრებს წერდა: "იმის იმედი მაინც მაქვს,რომ შეწყალებაზე არსად,არასოდეს,არავიტარი ლაპარაკი არ იქნება,რამდენადაც შეწყალებას, - გარდა ღვთისადმი ლოცვა-ვედრებისა, - მხოლოდ დამნაშავეები ითხოვენო".ქართველ პატრიოტს მხოლოდ ერთი რამ ადარდებდა,ის რომ "ვაითუ აქ მოვკვდე და ჩემი ძვლები აქ დასტოვონ და არ დამმარხონ ჩემს საყვარელ მიწა-წყალშიო".მართლაც წინათგრძნობა აუხდა მამულიშვილს ავი წინატგრძნობა და 1887 წლის 24 ოქტომბრის რამეს დაქირავებულ მკვლელებს (საქართველოს მკვლელებს) - გრიგოლ სტრეპეტოვსა და თედორე შულგინს - მოაკვლევინეს კიდეც.ქართველმა საზოგადოებამ,მიუხედავად იმ დროინდელი ხელისუფლების მიერ შექმნილი არაერთი დაბრკოლებისა,მოწამოებრივად აღსრულებული "მეორე დიმიტრი თავდადებული" (ასე მოიხსენიებდა მას აკაკი წერეთელი) სამშობლოში ჩამოასვენა და ჩვენში მანამდე არნახული მასშტაბის საპროტესტო მსვლელობის შემდეგ ძვირფასი ცხედარი მთაწმინდის წმინდა მიწას მიაბარა.ხოლო ხუთიოდე წლის შემდეგ დიდმა აკაკიმ უკვდავი ლექსით "განთიადი" სამარადჟამო ძეგლი აუგო დიდ ქართველ მოღვაწესა და მამულიშვილს.2007 წელს კი ქართულმა მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ დიმიტრი ყიფიანი წმინდანად შერაცხა.




                           ექვთიმე თაყაიშვილი

       დიმიტრი ყიფიანის დასაფლავება
უნივერსიტეტი რომ გავათავე, თბილისში ჩამოვედი და ლათინური ენის მასწავლებლად დავდექი სათავადაზნაურო სასწავლებელში, რომელსაც მაშინ ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე განაგებდა (ქუთაისშივე, გიმნაზისტობისას ჩემი კარგად მცნობი). ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ერთი თვეც არ გასულიყო, რომ ამბავი მოვიდა, სტავროპოლში დიმიტრი ყიფიანი მოკლესო. ეს იყო 1887 წლის 24 ოქტომბერს. ამან, რა თქმა უნდა, თავზარი დაგვცა ყველას და მთელი ქართველობა ააღელვა. გადაწყვიტეს, ჩამოესვენებინათ ცხედარი და საკადრისი პატივით დაემარხათ მთაწმინდაზე. ამის მოსაწყობად შედგა კომისია, რომელშიც, რა თქმა უნდა, ილია ჭავჭავაძეც დიდ მონაწილეობას იღებდა.
მთავრობის მიერ დაყრილი ხმა, ვითომც დიმიტრი ყიფიანი გაძარცვის მიზნით მოეკლათ, არავის არა სჯეროდა: ყველა დარწმუნებული იყო, რომ იგი რუსული ხელისუფლების აგენტების მიერ იყო მოკლული.
კომისიაში ამირჩიეს მეც. ვინ დამასახელა, აღარ მახსოვს. მაგრამ საერთოდ მაშინ უკვე ყველა ასეთ კომისიებში მასახლებდნენ ხოლმე, იმიტომ, რომ ცოტა იყო ასარჩევი ადამიანები. კომისიაში სულ თხუთმეტი კაცი იქნებოდა, მაგრამ ამასთანავე დამხმარეც აუარებელი გვყავდა. შევიმუშავეთ დაკრძავლის გეგმა. ჭირისუფლობა იკისრა განსვენებულის ნათესავმა დავით ყიფიანმა – ცნობილმა მოღვაწემ და კარგმა კაცმა; თბილისში დიდად მიღებულმა ნოტარიუსმა, ილია ჭავჭავაძის, ივ. პოლტარაცკის, ალ. ჯაბადარისა და სხვათა მეგობარმა. ოფიციალური მიმოწერა, ნებართვის მიღება და სხვა ასეთი რამეები სულ მას დაეკისრა. მართალია, დიმიტრის ვაჟი დარჩა, კოტე, მაგრამ ის ვერ გაართმევდა თავს იმდენ საქმეს და თან პრესტიჟისთვისაც სჯობდა დავითისათვის დავალება იმეებისა.
რასაკვირველია, საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოვიდნენ დეპუტატები და სხვადასხვა დაწესებულებათა წარმომადგენლები, ყველანი სამგლოვიარო ლენტებით შემოსილნი (მკლავებზე გაგვიკეთეს) დავხვდით ცხედარს ვერაზე, ჯვართან. იქიდან დაიწყო პროცესია. კომისიის გეგმით, ცხედარი უნდა გამოგვეტარებინა გოლოვინის პროსპექტით ერევნის მოედნამდე, მერე უნდა აგვეხვია სოლოლაკის ქუჩაზე, მერე პეტრე დიდის ქუჩაზე და ისე უნდა ავსულიყავით მთაწმინდაზე. პოლიცია, რასაკვირველია, გამრავლებული იყო და ფეხზე იდგა.

             დიმიტრი ყიფიანი და აკაკი წერეთელი

        გადასახლების წინ დიმიტრი  აკაკი წერეთელმა ნახა. „პატიმრობით დავიწყე ცხოვრება და პატიმრობით ვამთავრებ“ – უთქვამს აკაკისთვის და  სახეზე სევდა რომ შეუმჩნევია,   ღიმილით დაუმატებია:  „ნუ გშურს, ჩემთვის ეს დიდი წყალობაა! უკეთეს ჯილდოს მე ვერც კი მოვიფიქრებ!... ქართველთაგან ციმბირში ჯერ იდეურად არავინ დასჯილა და დეე პირველი მერცხალიც მე ვიყო! მართალია, პირველ მერცხალს ხანდახან სუსხი დაჰკრავს და გაზაფხულს ვერ მოესწრება, მაგრამ მაინც პირველი მახარობელია და გაზაფხული მაინც მოვა“. ყიფიანს ციმბირში დიდხანს სიცოცხლე არ დასცალდა. 1887 წლის 24 ოქტომბერს, ღამით მასთან ჯალათი შეიპარა, თავში ურო ჩაარტყა და  მოკლა. „ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს... იმ გულზე, რომელიც სამშობლოსათვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს“– წერდა აკაკი და მასთან ერთად გლოვობდა მთელი საქართველო. დიმიტრი ყიფიანის ნეშტი თბილისში ჩამოასვენეს და მთაწმინდაზე დაკრძალეს. „განურჩევლად ყველას ეპყრობიან ასეთნაირად, თუ მხოლოდ ჩვენ, ქართველებსა?“ ამ შეკითხვას ხშირად სვამდა დიმიტრი და დასძენდა, „ჩვენ უფრო მომთმენნი ვართ და ბევრ სხვაზე უფრო მორჩილნი“. საგულისხმოა, რომ დიმიტრი ყიფიანის დაკრძალვა დიდ მანიფესტაციაში გადაიზარდა, რომელიც იმპერიის წინააღმდეგ იყო მიმართული და რომლითაც საქართველოში ახალი ეპოქა დაიწყო....



Комментариев нет:

Отправить комментарий